ახმეტის ახალგაზრდული ცენტრისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახმეტაში, საცხენოსნო კლუბ „ჯარჯის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი 2026 წარმატებით განხორციელდა. ხუთდღიან ბანაკში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ადგილობრივმა ახალგაზრდამ.
ბანაკის ხუთივე დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული და გუნდური აქტივობებით იყო დატვირთული. პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა Peace Corps-ის 5–6 უცხოელი მოხალისე-ორგანიზატორისგან შემდგარმა გუნდმა, რომლებიც ბანაკის თითოეული დღის პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართული.
მოხალისე-ორგანიზატორების მხარდაჭერით მონაწილეებმა განივითარეს ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, მონაწილეობა მიიღეს სპორტულ, შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებში და იმუშავეს მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ასევე შეხვდნენ Eurobus for Youth-ის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი მოხალისეები, რომლებმაც ახალგაზრდებს საერთაშორისო მოხალისეობის, გაცვლითი პროგრამებისა და Erasmus+-ისა და European Solidarity Corps-ის (ESC) შესაძლებლობები გააცნეს.
მნიშვნელოვანი ნაწილი იყო Peace Building Workshop, რომელიც JICA-სა და Forum 2050-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ვორქშოფის ფარგლებში ახალგაზრდებმა გუნდურად იმუშავეს ბულინგის, გარემოს დაცვის, გენდერული როლების, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავებებისა და შშმ პირთა საზოგადოებაში ჩართულობის საკითხებზე და საკუთარი ხედვები შემოქმედებითი ფორმით წარმოადგინეს.
ხუთმა დღემ მონაწილეებს ახალი ცოდნა, გამოცდილება, მეგობრობა და დაუვიწყარი მოგონებები შესძინა.
პროექტი განხორციელდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლის, ბატონი დავით ხახუტაშვილის, ფინანსური მხარდაჭერით.































