წიგნის საერთაშორისო დღეს – 23 აპრილს, ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და ახმეტის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით, ახმეტაში ღია ბიბლიოთეკა გაიხსნა.
წიგნების მცირე სათავსო ქალაქის ცენტრში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერშია განთავსებული და მასში არსებული ლიტერატურა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
ღია ბიბლიოთეკის გახსნას წინ უძღვოდა პროექტის პრეზენტაცია ახმეტის ინოვაციების ცენტრში. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ პედაგოგები, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები, აგრეთვე ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის წევრები ახმეტიდან და ყვარლიდან. ღია ბიბლიოთეკის კონცეფციამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.